….

 

შენ იცი!!!

შენ იცი!!!
უზადოდ ლამაზი ხარ
ლოყები ვეზუვივით გეჩხვლიტება
ყელთან თრთის,
ზოლები ემოციის
შენ შენი თვალებისაც გერიდება .
შენ იცი,
სუნი გიდის შატო-მარგოს
და ლანდი პერანგივით გეპარება
იცი სიყვარულიც, რა არის და
არც კი გიფიქრია შეყვარება.
შენ იცი !!!

                       

 **** 

 ქარები ამტვრევენ დაოთხილ ფანჯარას
 და ძილი ვაიძულე – თავი დამანება.
ლექსებში ამოგანთო ვეცდები ამ ღამით და
 მერჩოდეს ამ ღამის მკითხავშამანება.
 მინებს გადაღმა რომ ჟანგბადის ბღავილია,
 შიგნით ფილტვები რომ ოთახს ნებდებიან;
თუკი არსებობ და თუ არ მეჩვენება,
მგონი რეალობა შემომფეთებია.
 კი არ გნებდები და კი არ დავიღალე,
სულაც არ მჭირდება ძილოთერაპია
თეთრად გადავაწერ ლექსებს ამ ღამეს და
ესეც უშენობის ბოლო ეტაპია….
 გარეთ ქარია და შიგნით მღელვარება,
ოთახს მოსდებია მკითხავშამანება.
სანამ ბოლო წვეთი თმენა შემრჩენია
სანამ უშენობამ თავი დამანება.

 


   ****

ამ დღემდე ცხოვრებას ვიხსენებ შენიდან,
თავიდან ბარათზე მიეწყო ბარათი..
 შენ გეცვა შილიფად და გეცვა ზაფხული.
პასუხში ჟღერდა – კი – აღსავსე არათი…
 მერე შენ გაბტულ თვალებით ეძებდი
მიზეზებს რომელსაც სიმორცხვეს ეძახდი
და ვეღარ მოძებნე ერთხელაც რომ შენთან..
ჩემს სახლში შემოგრჩა ცისფერი პერანგი.
და მერე რამდენჯერ შენ გეწყო ხელები
მუცელზე გაბერილ და ცხრა თვე ორსული
და მერე რამდენი ზაფხული წავიდა,
მას მერე რამდენი თოვლია მოსული.
და დღესაც შენ ისევ ისეთი შემოგვრჩი,
მე და ჩვენს სამყაროს ოცნებით დამთვრალი.
დღეს შენი თვალები ისევე ცხელია,
მერე რა ორივე ვკითხულობთ სათვალით.
შენ ისევ დაგყვება ოცნება მარადის
არადა რამდენი ოცნება შესრულდა
მე ისევ ისე ვწერ და ყველა ბარათი
რომ დღემდე შენია იცოდე ეს უნდა…
დღეს უკვე გადარდებს შენ ზრუნვა ბავშვებზე.
არადა დღეს ბავშვი არცერთი არაა…
შენ ისევ იხსენებ შენს ახალგაზრდობას
შენსავით მთრთოლვარე და კაფანდარაა.
 შენ გეცვა შილიფად და გეცვა ზაფხული
პასუხში ჟღერდა – კი – აღსავსე არათი…
მას შემდეგ რამდენი დროების სივრცეა,
მას შემდეგ რამდენი სიტყვა და ბარათი.

საღამომდე და საღამოს-ანუ გამომიგონე


(საღამომდე: ზარია)….
  -როგორ ხარ?
-უშენოდ!
_ხო არ წერ?
_დავწერო?
_დაწერე! ჩემზე და თუ გინდა რამეზე.
თეთრად რომ გათენდა დაწერე ღამეზე…
ჩუმად რომ გაგანდე იმაზე დაწერე…
რომ შემრცხვა გაბედვა, იმაზე ნუ დაწერ..
ხომ იცი შემრცხვება, რომ უფრო წაკითხვა…
ეჭვებზეც ნუ დაწერ, სრულიად უცხოზე,
როგორ გავბედე და მოგიწყვე დაკითხვა.
ხო.. კიდევ დაწერე გათოშილ ხელებზე,
კოცნაზე ნუ დაწერ.. ჩურჩულზე დაწერე.
იმაზე დაწერე ნერვებს რომ გიშლი და
-ხო მართლა ბოდიში ! . . .ბოდიშზეც დაწერე..
კაბა მაქვს ახალი გაჩვენო საღამოს?
კაბაზე ნუ დაწერ.. თუმცა კი მიხდება…
სხვებზე არ დაწერო, (ვამართლებ ეგოიზმს,
არ დავწერ მაბრალებს, დავწერ და მიხვდება)
საჩუქარს გიმზადებ ოღონდაც არ გეტყვი,
მე ვიცი დაწერ და გაიგებს სულ ყველა.
ხვალეზე დაწერე, ნეტავი რას ფიქრობ. . .
(მეც სიტყვა ჩავაგდე – ”დამშვიდდი ნუ ღელავ”)
-არ ვღელავ, თუმცა კი ღელვაზეც დაწერე
ჩემზეც და ზღვისაზეც…. ტალღებზე დაწერე,
წვიმაზე დაწერე, ოღონდაც ივნისის.
ღიმილზე დაწერე. . . მხოლოდ ჩემს ღიმილზე.
 (საღამო: ზარია . . .)
-ბატონო..
-ვეღარ მცნობ?
_ გიცნობდი იქამდე ვიდრე შენ გგონია,
_გამოხვალ?
-ისევ იქ?
-ხო ოღონდ ბოლოში..
ხომ არ დაიბნევი? კაფე იქ ორია..
_მოხვედი..
_კი აქ ვარ..
_ აბა სად?
_ ისევ იქ ,
ისევ იქ !
სუნთქვა რომ ყავაზე ცხელია.
_მე რომ მანდ არ მითქვამს ?! იდექი გიპოვი..
-დაწერეე?
ჩემზეაა?
გააჩუმდი !
მრცხვენია ..!

       **** 

 შეეშვი სამყაროს გადმომდი მიღმეთში,
აქ უფრო ბევრია ქუჩები ღამეულ…
გაწუწულ სიჩუმეს, უფრო ჰკვეთს ნაბიჯი
უღვინოდ მთვრალი და უმთვრალოდ არეულ..
გადმოდი, გადმოდი მიღმეთში შეეშვი
სამყარო მცირეა ეპოქა დაძველდა…
გადმოდი აღელდა მიღმეთი უშენოდ
გახელდა სიტყვები, ლექსები გახელდა..
მანდ დარჩეს უშენოდ საღამო ვიღაცის
აქ ყველა საღამო მიაგავს პანტომიმს
მუდმივად უმიზნოდ ეძებ და არსად ჩანს
პასუხი კითხვაზე: რატომის ?! რატომ ის?!

****

შენს გამო დეკემბერს
მე ვარქმევ ჩემიანს,
და პროზას ვკითხულობ
შენნაირ ტემბრებით
შენნაირ ხელთათმანს
ვირჩევ და მაცვია..
ყოველდღე,
“გემსგავსებ-და-გბაძავ-გედრები”
შენს გამო, ბოლო დროს
ჩერდება დროება
და ვცხოვრობ შენს გამო
შენნაირ განცდებით…
“გემსგავსებ-და-გბაძავ-გედრები”
მუდმივად,
მუდმივად,
“გემსგავსებ-და-გბაძავ-გედრები”.
მოდილიანია
შენს გამო სამყარო..
შენს გამო დეკემბრის
ნოტია
ვივალდი
და შენზე წერაში….
ქვეტექსტი ერთია,
რომ:
“შემი-(გედრები-და-გბაძავ-მი)-ყვარდი”

  

             * * * * 

ძველი ქანდაკებიდან,
მიმზერ ეიფორია
და ნერვები თავისთან
წაუღიათ კლარნეტებს.
ოღონდ გამაგებინა
ჩემი ძველი დროიდან
ასე მოახლებუროდ
როგორ გადამაკეთე.

——————————– 

დრო თოვლივით დნება და
შენ მიარღვევ ეპოქას
შენი ფარფატთითება
ხელთათმანის ძაფივით
ღამის 4-ზე რუსთაველს
შენი თვალით ვუყურებ…
დრო კი ისევ მიდნება
 ხელზე საპნის ქაფივით…

——————————– 

ითბობ თითებს ნაწვიმარს
შუშის ჩაის ჭიქაზე
და პატარა ბავშვივით
ეტანები ტკბილეულს
როგორ გადამაახლე
ასე ძველ დროებიდან
ჩემი მარტო ცხოვრების
დასასრულს და მილეულს.

——————————— 

ამ ბოლო დროს კითხულობ
აღმოსავლურ კლასიკას
და ცხოვრება გადაგაქვს
ნათელ ფერში ტილოზე
მე კი ისევ ვმუშაობ
ისევ ისე ფაქიზად
და ვწერ მინიატურებს
ფურცლის მარმარილოზე.

——————————— 

ითბობ თითებს ნაწვიმარს
შუშის ჩაის ჭიქაზე
ახლა ბევრად ახლოს ხარ
ვიდრე ამას წინაზე….

****
შენში შეშლილია ისე

პოეზია
შენი ყველა გრძნობა
უმანკოესია
იცი ვეჭვიანობ,
რადგან ჩემზე მეტად
შემოგყვარებია
ჩემი პოეზია.
ყველა მელოდია
ეტრფის დეკემბერს და…
იცი განშორება
უახლოესია..
ვიცი დაივიწყებ
ყველა საღამოს და…
მხოლოდ შემოგრჩება
ღამის პოეზია..
რადგან ყველაფერი,
რადგან ყველაფერი..
შენში თამამი და უმანკოესია
იცი ..ჩემში გიყვარს
მხოლოდ შენობანა
რადგან შენ ხარ ჩემი
მთელი პოეზია.

         

****
მე სადღაც ნერვებთან გგრძნობ და
ნერვები ფოთლებივით მცვივა
წვეთები ნერვიულად ცრის და
გარეთ შენზე უფრო ცივა.
გარეთ ავდრებია ისევ,
მე კვლავ ნაწვიმრებზე მივალ
ვუსმენ კრამიტებს და წვიმას
როგორც დაისის დროს ვივალდს.
ზოგჯერ მემძიმება წამიც ,
როცა უშენობა ახლავს
ფიქრობ: “უსათუოდ მივალ!”
ვფიქრობ: “მოდი ოღონდ ახლა”
ზოგჯერ ნერვებამდე დადის
ასე ტროტუარზე წერა…
ვფიქრობ: “მოხვიდოდე ნეტავ”
ფიქრობ: ” ოღონდ ახლა ვერა.”
ფოთლებს ნერვებცვენა ახლავს
ნერვებს ფოთოლცვენა ისევ
წვიმებს რა გამოლევს ამ დროს
მაგრამ არა ისევ ისეთს …
წვეთები ნერვიულად ცრის და
გარეთ შენზე უფრო ცივა.
მე სადღაც ნერვებთან გგრძნობ და
ნერვები ფოთლებივით მცვივა.

    


ძალიან აქაური ლექსი, რომელსაც მხოლოდ შენ გაიგებ

შენთან შებრძოლება
გახდა ტრადიცია,
თუმცა დამარცხებაც
მიღირს ტრიუმფებად
ქუჩას უსახელოს
შენ რომ დაგიტია
ჩემი ამბიცია
ექცა მიუღებლად
შენთან ზუსტად ვიცი
გახდა მიწიერი
ჩემი ლექსებიც და
ჩემი გემოვნებაც
ქუჩას მოვუფიქრე
გრძელი მისამართი
“ცეკვით გალეწილი
მთვრალი ხელოვნება”
შენი ხელკავია
ოდნავ მეცხრამეტე
შენი “კუნთებია”
მე რომ მეღიმება
12-ს დავამატებ საათს მე-13-ს
ოღონდ არ იკითხო
“შენ არ გეძინება? “
კოშკი ჩამიკეტეს
შენი ლეგენდებით
რადგან გიჟებისთვის
არის სახიფათო
მაგრამ შარბათივით
ყვითელ მზის ამოსვლას
ზღაპრის მონაწილედ
მინდა გაგიხადო.
ვიცი გეღიმება
ლექსის წაკითხვაზე
რადგან დეტალებში
მიყვარს ისტორია…. . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . .
გვიან ვფიზლდები და
მიმზერს გაღიმებულს
უფრო მომღიმარი
აუდიტორია .

__

                   ****
ასე უნაპირო გრძნობებივით
ზეცა არასოდეს
გაოფლილა
წვიმაც არასოდეს არ ყოფილა
ასე თავნება და
კმაყოფილად.
ასე არასოდეს არ ყოფილა
წვიმა მსველებარე დარდიმანდად
სადღაც აწვიმებულ ზღვისპირეთში
თავში დედამიწა ამივარდა.
ზეცა არასოდეს არ ყოფილა
ასე ნარბენი და გაწუწული…
ასე ჩამოსული მიწამდე და…
ყურით ემოციას ატუზული.
ზეცა უარაფროდ გაყოფილად
ასე ზღვასთან ახლოს არ ყოფილა
ასე არასოდეს კმაყოფილად…
სველი ყველაფერი არ ყოფილა.                                                                                                                                          

 

****

ისე დაუნდობლად ლამაზი ხარ,
შენი მოწყალებაც ტერორია.
ისე უშაიდოდ შიშველი ხარ,
ასე სიჩუმეც კი ტენორია.
რაღაც მი ბემოლით ლირიკული
ცოტა დრამატული აგონია;
ცოტა მაცალე და ავფეთქდები
თანაც უსაშველოდ მე მგონია.
ნერვთა ძაფებივით მოზიდული
ასე ლექსთუქმნელად როგორია,
თუნდაც ამ მინორულ სიმშვიდეში
შენი არსებობაც ტერორია. 

 

 

                          ****

ან შენ გაიჭერი ძლიერ, ოცნებებში
ჩემი ლექსებია ანდა ყოფითები…
მაგრამ არც კი იცი, მიჭირს ფარდოვნება
რაღაც სუნთქვის მსგავსად როცა მომინდები.
ჩვენი შეგრძნებაა ისე მიწიერი
რომ ცა დავანარცხეთ ცოდვილ დედამიწას
შენი ღიმილივით ნაპრალ-გაპობილი
ჩემი ემოცია ასეთს ვერ ამიტანს.
ღამე დავაცილეთ დილას უშორესად,
და თუ ჩვენ არ გვინდა აღარც გათენდება.
ახლა არ წახვიდე თორემ დავბრუნდები
დღეში სადაც იყო შენთან დანებება.


   

                        ****

ღამე ჩამივარდა უშავეს ყავაში…
ძილი უშენობამ მისცა დავიწყებას.
ველი ყურადღებით -სადღაც ჩემს სიღრმეში
შენი შემოტევა როდის დაიწყება.
……………………………………………………………….
შენი შემოტევა
უალკოჰოლოა
და მაჭარგარეული
მუსიკალურია (კლავიშარეული)
უძილისპირო და დროში არეული.
ღამე მთვარეული
თეთრად ღამეული
დღე გადარეული
ყინვა ჩარეული
ზაფხულგარეული
კოცნაბრალეული
მზერაგალეული
დაღლილჩალეული
არევ-დარეული.
ნერვებდალეული. . .
ნებაყოფლობითი (არაძალეული)
(არა, არ ვარ მთვრალი!!!
არ ვარ დალეული)
შენი შემოტევა უალკოჰოლოა
მაგრამ არეული.
………………………………………………………………
ღამე ჩამივარდა უშავეს ყავაში…
ძილი უშენობამ მისცა დავიწყებას.
ყავაში ჩავარდნილ უშავეს ღამეში
შენი შემოტევა მალე დაიწყება.?!

            ****    

 შუაღამეა ახლა ბერლინში…
მე ძველ შპრეეზე მეხსნება “lieben”
ისე ცივია უფერო ღამე
და მე არ მინდა დინებას მივყვე…
შენ…
შლოსბრუკეზე ატყობ თენდება
შენ…
გირეკავენ, ირთვება ბახი…
შენ…
გახსენდება რომ გელოდება …
ყავა, თამბაქო და თბილი სახლი..
ისევ აბრალებ ბერლინს სიცივეს
მე გეთანხმები, (მიყვარს ბერლინი)
ჩემზე მეტი ხარ მგონია ჩემში
და მე უჩემოდ ვარ დარჩენილი.



                ****
გნოლის გაფრენა ყორღანებიდან
და მოლოდინი სადღაც მუხრანთან .
ისე ახლოს ხარ, რომ შევიშლები
(მაინც ვიშლები შორსაც რომ ხარ და…)
ქალი წყვეტს ახლა ამ ლექსის ყოფნას
და არამარტო ამას წყვეტს ქალი.
ჩემი ნიღბები დარჩა ჩვენს მიღმა
და დამრჩა სახე რაღაც ახალი.
შორს როგორ წავალ, ისედაც შორს ვარ,
უბრალოდ შევრჩი წვიმიან წუთებს
და ყველა წვიმა ჩემს სველ ფიქრებში
იმ ღამეს უტევს…
იმ ღამეს უტევს…
გნოლის გაფრენა ყორღანებიდან
და მოლოდინი სადღაც მუხრანთან
ისე ახლოს ხარ, რომ შევიშლები
(მაინც ვიშლები შორსაც რომ ხარ და…)


****

ხელში ჩამაკვდა შემდგომა ყვითელი სახით,
დღეს მერამდენედ გამოხატა ასე განცდები..
..ბოშა ქალების ტყუილები ხელის გულებზე,
რომ ბედისწერა ყოფილხარ და გზად ვერ ამცდები..
შენ კი გგონია გაგრძელდება ასე ბოლომდე,
მე კი მგონია, მერამდენედ უკვე არ ვცდები…
გადაიარა შემოდგომამ ასი სიკვდილი
და მე კი…ვითომ გავჩერდები?
 ვითომ გავცვდები?
შენს ჩურჩულშიაც, ჩურჩულს მიღმა უკრავს “piano
შენს ჩურჩულშიაც, ჩურჩულს მიღმა ლექსი ანთია,
შენს ჩურჩულშიაც ჩამჩურჩულებს ისევ ის ბოშა
რომ დამამარცხე,
 რომ წავაგე,
რომ შამათია!

 * * * *

ჩვენ ლექსში დავრჩით და სიმარტოვემ
ლექსების გარეთ დაისადგურა
და ვერც გავიგეთ რომ საზღვარს მიღმა
 დრომ თავის თავი გაანადგურა.
არავის ესმის ვიცი მუდმივად,
ჩვენს გარდა შორი და ძველი ტანგო…
შენს ძველ ზარდახშებს ნოსტალგიის სურნელი ასდით
და სევდიანი მელოდები სადგურთან ახლოს……
ჩემს მატარებელს გარითმული მოაქვს რიტმები….
ჯერ საყვირები, რელსების ხმა მერე პაუზა. . .
ჩემი ვაგონი შენს ფეხებთან ისე იკივლებს,  
რომ მატარებელს ჩემს მაგივრად გული გაუსკდა
შენ შარფიანი გაყინული ელი ჩემს ნახვას…
და ზუსტად ვიცი საათები რომ დგახარ ასე,
და მატარებლის გამყინავი კივილის ხმაში
შენ ეს შეხვედრა მერამედნედ გადააფასე..
შენ იცი კარგად ამ დღეებში დაგწერ ლექსებში..
შენ იცი კარგად რომ მხატვრობას ვცდი ამ დღეებში..
მერე გამოვფენ შენს ტილოებს სადმე გლამურში
და ხალხი იტყვის რომ – ამ ზღაპრებს აღარ შევეშვი..
ჩემს მატარებელს ხმა მოუგავს რაღაცით ტანგოს,
და ზოგჯერ ისე მიაკივლებს კრთება თვითონვე
ჩემს მატარებელს ისე ელი ახლა სადგურზე
თითქოს დამკარგე და ვერასდროს ვეღარ მიპოვე
………………………….

შენს ძველ ზარდახშებს ნოსტალგიის სურნელი ასდით
და მატარებელს ჩემს მაგივრად უსკდება გული .

****
პაემანს გინიშნავ, სიგიჟის საზღვართან
ნუ მოხვალ, მე მაინც შევხვდები მირაჟებს.
ტალღებში ჩავხედავ, უთვალო ამაზონს
და უხმოდ გადავთვლი რითმათა ტირაჟებს.
გინიშანავ პაემანს  უდროოდ, უსივრცოდ.
გინიშნავ მუდმივად, ამ წუთშიც გინიშნავ,
მოვდივარ, მე უკვე გამოვცდი ბარბადოსს,
თან შენთან შეხვედრის თარიღებს ვინიშნავ.
შეგხვდები მე სადმე ამინდში საჰარის,
სიგიჟის საზღვრამდე, წამები ითვლება
უცნობი პაემნის, დანიშნულ ადგილზე
ყველა გზა შენამდე, შენამდე მიმყვება.

****
უკვე შემიყვარდა,
შენი უარები,
შენი სუნამო და აქსესუარები..
ნუ მეუარები, ნუ მეუარები
მეპოეზიები,
მემემუარები.
ისე შემიყვარდა შენი უარები…

****
მე შენ მაშფოთებ და შენი სილამაზე
დილის ცისკარივით მაჟრჟოლებს უძინარს
ჩემი შეშფოთება ლექსსაც წაუღია,
ჩემი მოთმინება ლოდინსაც.
თაფლისფერ თმის ფერში
რომ ეძებ თეთრ ხაზებს
და წლებს რომ გადათვლი
როდიდან გავგიჟდი,
დაფიქრდი… დაფიქრდი…
დაფიქრდი… დაფიქრდი…
შენს ფერებს ბახუსზე მე ისევ განვიცდი.
დრო მიდის, არც მიდის…… შენს მაჯის საათზე
თებერვლის ყინვებში,
შენ ზაფხულს მანატრებ,
როდემდე ღიმილი, ღიმილი როდემდე
მე ვიცი, მე ვიცი, გაბრაზებ… გაბრაზებ….

****
“უშენობა”
გიყვარს ჩემში,
მე კი მიყვარს
“შენობა”
…ლექსის წერა, არის შენზე
ამ “მე”-ს მოვალეობა.
აჰა!
ყველა ჩემი რითმა,
აჰა!
ჩემი ლექსები,
დღესაც,
ხვალაც,
ზეგმაზეგაც
შენთვის გავ-“მე”-ლექსდები
შენზე ფიქრში ვიკარგები
ლაბირ-(ემოც)-ინთებში.
ვეძებ ჩემს თავს შენს დუმილში,
უპასუხო კითხვებში.
არ იფიქრო, რომ გადამღლის
ეს უზომო “ romantics ”
მაპატიე, რომ არ მჯერა
შენს გარეშე მომავლის.

მინიზე მინი პიესა
გოგო:
შეეშვი,
შეეშვი,
შორეულს, მიღმიერს.
მე უფრო ახლოს ვარ,
ხელის ერთ გაშლაზე
შენ ისე იქცევი,
შენ ისე ცივი ხარ…
ერთი ნაბიჯია ნერვების აშლამდე.
ბიჭი:
მე ვიცი,
მე ვხვდები
შენში რომ ჩავსახლდი….
ძალით ჩამითრიე
სიტყვაც არ მაცალე…
ბოდიში რას შეცვლის
მაგრამ
მაპატიე!
მე სულ სხვა მიყვარდა…
მე განა გაგცვალე .

****
ჩემი პოეზია
ხორბლისფერია
და მზედაკრულია.
ჩემი პოეზია
შენი თმის სამაგრი
…შენს თმებს დაკრულია
ჩემი პოეზია არის თავსაფარი,
შენ რომ გახურია,
შენი თვალებია,
შენი გამოხედვა…
(მე რომ მაგიჟებს და იდეალურია)
ჩემი პოეზია
შენი ხმის ტემბრია
(და რა ქალურია ?!…)
ჩემი პოეზია
შენი დუმილია,
შენი ხმაურია.
ჩემი პოეზია
შენზე საუბარი
(არც თუ ფარულია)
ჩემი პოეზია
ხორბლისფერია და მზედაკრულია…

****
მე შენთან გავცდი ეთიკას,
მინუსში დამრჩა მორალი.
გავხდი ასეთი ჯიუტი,
ასეთი გაუგონარი.…
წერილებს, ალბად შენ რომ მწერ,
ერთხელაც ვეღარ მივიღებ
და ასე “გათაღლითებულს”,
აღარც კი “გამიღიმილებ”.
შენ ასე გიყვარს ზაფხული,
მე შემოდგომის მოდგომა.
შენ თუ არ გინდა, რად მინდა
ასეთი მე შემოდგომა.
შენ ხან სიზმრებზე მიყვები,
ხანაც მახსენებ პოეტებს,
ხან რეალობა გავშალეთ,
ხან ლექსებს მივედ-მოვედეთ.
მე ასე მეძვირფასები,
რეალობაა…. ფაქტია…
და მომწონს ჩვენი ასეთი
ურთიერთობის მანტია…

****
მარტოობის შეგრძნება
უდაბურეს სივრცეში
და წუხილი უცნობი
“უკიდუნაპირესი”.
შენზე ფიქრი ყველაში
და მზის ძებნა მთვარეში
მიწისძვრების შეგრძნება
გულის არე-მარეში.
გულის არე-მარეში
უშენობა… განგაში… .
გაუგებრად ვმდუმარებ….
როგორც ღამე ზამთარში…
“უკიდუნაპირესი”
წუხილია უცნობი…
მე ვგრძნობ უნდა მიყვარდე…
ასე გამოუცნობი.

****
გზები ისე ფართოა,
არის საფრთხე დაკარგვის.
გული ისე ფეთქვადი,
როგორც ფეთქვა არაგვის.
ფიქრი ისე გიჟია,
არ უჯერებს არავის
ასე როგორ დავლეწე
გული გაუბზარავი?!
ვის გავს ნეტავ ეს აზრი.
რას გავს ნეტავ ხვალის დღე.
სულ არ მინდა სიტყვები,
უსიტყვოდაც გავიგებ.
მინდა, მინდა ხმაური;
გაისროლეთ დამბაჩა.
ომი როგორ შევწყვიტო
თუ მშვიდობა არ დამრჩა.…
რა აზრი აქვს მუდმივად
ჩუმი გულის ქონებას.
ლექსი როგორ მაწვალებს
რომ ამირევ გონებას.
თავი თუ არ დავკარგე,
მერე როგორ გიპოვო.
მზეო არ შეიძლება?!
მთვარე რომ დამიტოვო.

* * * *
“ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა…არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა,რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ კაცსა თუ ქალს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.”   -   (გაბრიელ გარსია მარკესი)
………………………………..
თქვენ ჩემში ახდენთ რევოლუციებს,
იწვევთ ქარს, წვიმას და კატასტროფებს.
თქვენ ჩემში მოგაქვთ ბიძგი ლექსისკენ;
მე ვწერ სტრიქონებს, ვაერთებ სტროფებს.
თქვენ ჩემში აქრობთ ბნელს და სიჩუმეს
და გრძნობით ავსებთ მეხსიერებას.
გთხოვთ ნუ ავიღებთ ჩვენს სიყვარულში
თუნდაც დროებით წუთშესვენებას.
თქვენ უდაბნოში მიჩენთ ოაზისს
უთქვენობაზე ფიქრიც ვერ ფიქრობს.
დღეები, წლები, ათწლეულები…
“ჩემში თქვენობას” მე ვერ გამიქრობს.
მე თქვენ პაემანს გინიშნავთ ყველას
გულის ფეთქვაში, გრძნობის ხმაურში,
და მიხარია რომ თქვენ გიპოვეთ
კაცობრიობის აურზაურში.

იდეალისტის უბის წიგნაკიდან
მე
შენ
ის
ჩვენ
თქვენ
ისინი
ორიოდ წუთით რომ დავფიქრდეთ იდეალებზე,
მერე ნაფიქრი მივახალოთ პირში პლანეტას. . .
დაგვხვდება ბევრი ირონია ,ბაცი სიცილი. . .
მაგრამ იცინონ, მათი იყოს მათი ცინიზმი.
ჩვენ დავაარსოთ საქართველო-მარსის რეისი;
და როცა სხვები იმგზავრებენ ჩვენს მარშუტებზე,
ჩვენ გვიხაროდეს კმაყოფილი მათი “face”
წვიმის დროს ვშალოთ დიდი ქოლგა სამოქალაქო,
ღამეში ვანთოთ გიგანტური ლამპიონები,
უდაბნოებში მაცივრები დავდგათ, ნაყინის.
ჩიტებს ხეებზე დავუყენოთ მიკროფონები.
ყოველ დღე გვქონდეს სიყვარულის თითო საათი
და ეს საათი დღეში იყოს მხოლოდ 12
სავალდებულოდ შემოვიღოთ თბილი ღიმილი
ჩვენ მოვიგონოთ მოვარდისფრო დღეთა პროექტი.
ვიცი დაგვხვდება უსიამო ჩურჩულ-სისინი
მაინც გვჯეროდეს მართლები ვართ
მე
შენ
ის- ინი.

****
იმ დროისათვის
რომ შეგიყვარე
არ იყო მზე და არ იყო მთვარე
არ იყო სიცხე და არც სიცივე…
მე მაშინ გულთან გაგაიგივე…
მე წავიკითხე რამდენი ლექსი
და პოეტები სულ შენზე წერენ
და ალბად არის ჩემი რეფლექსი,
რომ შენზე ვწერო ახლაც და მერეც…
ისევ შევმოსე იმედს ნათელი
მოვა მომავლის წარსულად ქცევა
და ღამე თეთრად გადანათევი
შევუერთდები მთვარის გაქცევას…

****
ვფიქრობ ლექსებად და ამ ლექსებში
ყველა ფიქრები მოდის შენამდე.
ვიყო მუდმივად – არ მომბეზრდება
შენზე ლექსების რითმის მენაბდე.
ასე დამყვება ფიქრი ათასი
და დიდთოვლობა არის აზრებში.
არის ქაოსი, ზუზუნ-ბაასი
როგორც თბილისის გრძელ-გრძელ ბაზრებში.
და მაქვს სურვილი ვიარო ასე
თან შენთან ყოფნის  სურვილი დამაქვს.
მსურს ჩემი სულის მყვირალობაზე
ნარიყალადან ვუამბო ქალაქს.
და მერე ბოლოს მაინც მოვიდე
ხეტიალით და რითმებით მთვრალი.
და გაგიტაცოთ ერთად ორივე
ჩემი ლექსები და ჩემი ქალი.

მე მეს
ჩემს კრიტიკას ვერ უძლებს გიორგი ჩაკვეტაძე
რა დავაშავეო იკითხავს ხანდახან. ….
ადამიანობა ისეთი რთულია
ზოგი ვერც ახერხებს ახლახანს.
თუ არ ვაკრიტიკე დარჩება ქალაქში
ცნება “მოქალაქე” ჩამოცილებული,
ისე იცხოვრებს და ის არ იცხოვრებს
არც კი ეყვარება რამე ღირებული.
კეთილი ინებე გიორგი ჩაკვეტაძე
და კრიტიკა მიიღე ჩემგან.
მინდა რომ დღითი-დღე უფრო მომეწონო
ფეხდაფეხ დაგყვები ყველგან.
გგონია რადგან “მე” ვარ რამეს გაპატიებ?
გგონია თვალს დავხუჭავ “მესთვის”?
მუდამ თვალს გადევნებ, მუდამ გაკრიტიკებ!
(მე მეს ეუბნება ჩემთვის) .

****
ამოგიჩემე
დაგიჩემე
ვიჭირვეულე …
ემოციები
შემოვკინძე
დავარვეულე …
ფიქრები
შენზე
თავს
თვისებად
დავუჩვეულე …
სიტყვები
ვფილტრე
ვამარტოვე
დავაეულე…
დღევანდელობა
ნოსტალგიით
დავასნეულე…
. . . . . . . . .
ამოგიჩემე
ამოგიჩემე
ამოგიჩემე
სამუდამოდ
ამოგიჩემე …

* * * *
გავყურებ ცხოვრებას…. არც ისე გრძელია
მაწუხებს ..მახარებს… იარო ძნელია..
სურვილი…გავფრინდე..
რომ სადღაც მელიან….
რომ ახლაც მელიან…
ყოველთვის მელიან…
მე საქართველოზე ფიქრები მჩვევია…
ლექსებით ფიქრების ცა გამირღვევია
სადა ხარ ქუხილო …სადა ხარ გრიგალო…
წვიმაში და ქარში უნდა დავიღალო…
მინდა ჩავეხუტო მთაწმინდის ნისლებს  და
მთელი დღე ვუყურო თბილისს
და მერე შევცურო ღამის სიჩუმეში
დრო რომ ბინდბუნდებში მიდის
არ მინდა ამ ფიქრებს რომ ვუთხრა უარი
ლექსის დაწერას რომ მთხოვენ
ყველგან ამეკიდა მებრძოლი ფიქრები
საითაც მიველ – მოველ.

* * * *
ამ ლექსსაც დავწერ
და მელექსე “მოდერნისტები”
კრიტიკის ისრებს დაგვაყრიან
მე და ჩემს ნაწერს
მაგრამ მერე რა…
მე მაშინებს გგონიათ ქირდვა?!
მე ყველა ლექსი მივუძღვენი ჩემს იდეალებს…
და ყველა ლექსი შენ მოგიძღვნა ძვირფასო მინდა
და მერე თუნდაც შეფასება ტოლი მინუსის
ეყაროს როგორც უდაბნოში ქვიშა ულევი
მე ლექსებს დავწერ შენზე, ჩვენზე, საქართველოზე…
და ოცნებასთან მივალ წრფელი, ნაერთგულევი.

მინიატურები
მე ვღელავ
მაგრამ უნდა დავმშვიდდე
მეამაყება ძველი სამშვილდე…
. . . . . . . . .
ვჩერდები,
მაგრამ უნდა ვიარო.
მცხეთა თბილისი შემოვიარო…
. . . . . . .
თუნდ ღამე იყოს
მე რა მაძინებს
მტკვარი სიფხიზლეს გამინაწილებს…
. . . . . . . .
მიწავ ქართულო გთხოვ რომ
მიკადრო…
შემყვარებია ჩვენი იყალთო
. . . . . . . .
დამენანება ოქროს საწმისი
და რომ არ მახსოვს
ძველი ფაზისი…

ემიგრანტის დღიურებიდან
იქნება ამაღამ სიზმარში მესიზმრო
და აქ ვეამბორო სამშობლოს ზმანებას,
იქნება ამაღამ სიზმარში მეღირსო
დარეკონ გელათის მგზნებარე ზარებმა.
იქნება ის გოგოც შავი ზღვის თვალებით
მესიზმროს ვემთხვიო გიშრისფერ წამწამებს
თუ მალე მომივა დღე გარდაცვალების
რომ ვერ ჩამოიშლის უშავეს ნაწნავებს.
დღეს ჩემთვის უცნობი ქუჩები მატარებს
დღეს ჩემთვის უცნობი მზეა და მთვარეა
მე ახლა ჩემი თბილისი მადარდებს
ყოველ დღე ღამეა… ღამეა… ღამეა…
იქნება ამაღამ სიზმარში მესიზმრო,
და კავკასიონის ქარებმა მაგრილონ…
შენ ჩემო იმედო ოცნების ფერისო,
როგორ მომენატრე ქართულო აპრილო.

* * * *
ორიოდ სიტყვაც კმარა საგრძნობად
და ემოცია ნათქვამი ლექსად…
არ ვიცი მაინც რომელი ლექსი
შემყვარებია უპირველესად…
გალაკტონი მესვრის ფორიაქს
და ძნელიც კია არ ვთქვა პაოლო;
ღმერთმა არა ქნას ლექსის სურვილო
შენ რომ ოდესმე მეუცნაურო…
რომ ლეონიძეს ვადარებ ვერვის
და ნინოწმინდის ღამეს ოცნებას
ველი და ველი რითმების ძახილს
სიტყვების ლექსად გამოცოცხლებას
უნდა ვახსენო აქ ტიციანი
რომ პოეზიის სამეფო მხიბლავს
ჩვენი პიერო შემყვარებია
ჩვენი პიერო და კოლომბიმნა.

* * * *
თბილისმა დაიტია ლამაზი თვალები
და ერთი გოგოს ბავშვური სახება.
თბილისს და ამ თვალებს მე ვენაცვალები
გულის ნაკადულში რომ აისახება
ოქროსფერქოჩრიან სხივების ნათელი
ჰფენია სტრიქონის საფიქრალ იდეებს
ისეთი თეთრია ვით თოვლის ფანტელი
რომ ჩამოაფარებს უთეთრეს რიდეებს
მალე გაიშლება ყვითელი ნარცისები
ცნობისმოყვარე ვარ თუ როგორ შევხვდები
ფიქრები, ფიქრები ნატვრის დარისები,
და შიში ოცნებასთან მისვლის და შეხების…
ქალაქმა შეიკედლა ლამაზი თავლები
და ერთი საოცრების ბავშვური სახება,
ამ ლამაზ თვალებს მე ვენაცვალები,
ქალაქის რითმებში რომ აისახება.

* * * *
აპრილი…აპრილი…აპრილი…
ავდარში დარის შერევა
ოღონდაც შენ მყავედე შენ მყავდე
ავდარი ვერ მომერევა….
მობრუნდა ახალი მზეობა
ფიქრებმა მოიბა ფიქრები..
არ მინდა არავის ჩემობა
თუ კი შენ, შენ ჩემთან იქნები
არ მინდა, არ მინდა, არ მინდა…
საერთოდ თუ ვიცი რა მინდა
მე შენთან ერთად წამიღო
ლექსების წერის ამინდმა
ერევა, ერევა ერევა
გზა შენი ამ ჩემს გზას ერევა…
აპრილი… აპრილი… აპრილი…
ავდარში დარის შერევა…

* * * *
ბარისახოს რიჟრაჟი
და არაგვის ქუხილი
არ ყოფილა მირაჟი
მონატრების წუხილი.
ნოსტალგია ზაფხულის
ძველი დროის თენება
ღმერთმა ბევრი გვაღირსოს
ჩვენი ღამის თენება
უკუნეთში კოცონი
და შორს სოფლის ზმანება
ნეტავ სხვა დრო ოდესმე
მას თუ დაემგვანება.

* * * *
თუმცა გაზაფხულდა რა დიდი ხანია,
ნაცრისფერ ფიქრებზე მაინც თოვს.
ოღონდ გადაიღოს, ოღონდ გადაიღოს..
და ყველა ოცნებას დაგითმობ.
მომენატრები როგორც ყოველთვის
და მერე ალბად გიჟურ ლექსს დავწერ
დაველოდები მაინც წერილებს
და   ველოდები…მაგრამ შენ არ მწერ.


* * * *
დღეს გარეთ თოვდა და მომენატრე,
ამდენ ხნის შემდეგ წერა მომინდა
ვერ გაგიცანი ნუთუ აქამდე,
არადა გიცნობ უდროობიდან.
უფრო ადვილი მეგონა ალბად
გზა ოცნებისკენ რეალობიდან
თუმცაღა ვფიქრობ რატომღაც ახლაც
რეალობაა რომ უტოპია.

ალბად ლამაზი იქნებოდა…
მართლა რომ მოხდარიყო
იდგა თეთრ თოვლში თეთრი გოგო,
თეთრი ბამბის ნაყინით ხელში
და თეთრი ციდან თეთრად თოვდა…
მერე რა, თუკი თეთრად სველდებოდა
თეთრი და კოხტა…
რაც მთავარია,
თეთრი ბამბის ნაყინი ჰქონდა,
და თეთრად თოვდა.


* * * *
მე შენი მოსმენა მომინდა ძალიან,
შენმა ხმამ სამარტო ქარივით დაქროლა
იქ სადაც მომავლის ლანდები არიან
შენ მაინც რატომღაც მარტო ხარ , მარტო ხარ…
და როცა შენი ხმა გიჟურად დაქროლებს,
ერთვება შეშლილი ცხოვრების ბორიალს…
ბორიალს, ბორიალს, ბორიალს მანდომებს
რატომღაც მარტო ხარ მე ასე მგონია.


* * * *
სამშობლო ისე საზიდია,
როგორც სხეული…
ზეცისთვის ისე შესავედრი,
როგორაც სული…
ის სიცოცხლეა,
სიკვდილისგან დავიწყებული…
და მომავალი,
ისე ნაღდი როგორც წარსული.

* * * *
ბავშვობის ოცნებებს ვიხსენებ და…
დღესაც არ შეცვლილა რამე.
დღეს რომ დააძინებს თბილისის ქუჩებში
სულ მარტო სეირნობს ღამე.
ან რა შეიცვალა ან რა შეიცვლება
სხვაგვარად არც კი მინდა რამე.
დღე რომ დაიძინებს თბილისის ქუჩებში
ერთად ვასეირნოთ ღამე.
ბოლო დროს ვხვდები რომ დღეთა ნაფიქრები
ერთად აფეთქდება მალე.
შენ ვერც მიხვდები და არც მე დავფიქრდები
ისე მოგვიტაცებს ღამე.

* * * *
რატომ აღარ ვწერ არ ვიცი.
არადა ხდება დასაწერი ამბები ჩემსკენ
(ყოველშემთხვევაში ჩემს ჭიას რომ გავახარებ ისეთები მაინც)
თანაც ქაოსი შემეჩვია მაფიქრებს რაიც…
ცუდია ძლიერ, ემოცია იღლება როცა.
შეიძლება მოდუნდე ძალიან
(ზოგჯერ რა აბსურდებს ვამბობ ხოლმე განკვირდები)
ზოგჯერ რაღაც ისე მიყვარდება რომ არც ვაკვირდები..)
თავისუფლება მიყვარს ძალიან , მაგრამ მოვალეობები არნაკლებ.
ოოფ. . .… მეც ვარ რა ახლა მოქალაქის ნიმუში თითქოს
(რა შუაში იყო ეს ახლა განკვირდები)
რაღაცეები ისე მიყვარს რომ არც ვაკვირდები..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხვალინდელი დღე მიყვარს ძალიან..
13.10.2009.

* * * *
შენ გგონია ვთამაშობ,
გამირბიხარ სადღაც შორს…..
ვხუმრობ ასე გგონია,
რომ ეს ჩემი როლია.
არც იცი რომ მაოცებ…
რომ ხელს მოგხვევ…გაკოცებ.…
შენ არა გაქვს საზღვრები
არც მე განვისაზღვრები.
შენ სულ ზევით მიფრინავ,
მეც მოგყვები მოვდივარ.
არ მპასუხობ სიტყვებით,
მე მიღირხარ ლოდინად.
შენ შორს გინდა გაქცევა
ვიცი კი არ მგონია.
ჩვენ ორნი რომ ერთი ვართ
ეს ხომ ორჯერ ორია.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.